ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ელჩების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.
მეუფეს ჟურნალისტებმა 11 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვეს განმარტება, რომლითაც ის ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს მიმართავდა - "ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ".
მიტროპოლიტმა თქვა, რომ მოძალადეები ელჩები და ჟურნალისტები არიან.
"შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეებო [მიმართავს ჟურნალისტებს], აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს, შეხედეთ რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. შეტაკება იქ გენახათ თქვენ სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. დიახ თქვენ ხართ, თქვენ ახალისებთ, წირავთ ამ ხალხს.
პრაიდი იყო გამოცხადებული პირველ საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა 5 საათზე. საიდან იყო ეკლესიის მოწოდება? თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისათვის. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო. თქვენ უწევთ პროპაგანდას! თქვენ გარდააცვალეთ [ლექსო ლაშქარავა], თქვენზეა პასუხისმგებლობა. ხალხის სიმებს ეხებით, წირავთ ხალხს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე", - თქვა მიტროპოლიტმა.
მანვე მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ 5 ივლისს ცემა დაიმსახურეს. ამასთან, მიტროპოლიტი ერთერთ ჟურნალისტს ცხვირზე შეეხო: "პიპიიპ. ხელით არ გეხებით, დავაპიპინე".
5 ივლისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. ამის გამო მესამე დღეა რუსთაველის გამზირზე მედიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქციები იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ, თუმცა ის ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს.